სტივ ჯობსი

56 წლის ასაკში გარდაიცვალა სტივ ჯობსი — Apple-ის თანადამფუძნებელი და ბოლო დრომდე გენერალური დირექტორი.

1976 წელს სტივ ვოზნიაკთან ერთად მან დაარსა კომპანია Apple და იმავე წელს გამოუშვა პირველი პროდუქტი — Apple I. მაშინ ჯერ კიდევ არავინ იცოდა, თუ როგორი გიგანტი გახდებოდა ეს ფირმა, რომლის პირველი ოფისი ავტოფარეხში იყო განთავსებული.

რამდენიმე  ათეული წლის განმავლობაში კომპანიამ შეძლო საკუთარი მოწყობილობების კულტად გადაქცევა და უდავოდ ამაში მთავარი დამსახურება სტივ ჯობსს მიუძღვის. არ შეიძლება იმის თქმა, რომ კომპანიის ბედი ყოველთვის უღრუბლო იყო. მაგალითად 1985 წელს პარტნიორებთან უთანხმოების გამო სტივ ჯობსი კომპანიიდან წავიდა და მხოლოდ 12 წლის შემდეგ დაბრუნდა, რათა ხელახლა გაეცოცხლებინა ის, ვინაიდან იმ დროისათვის კომპანიას სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა.

2000 წლისათვის სტივმა გენერალური დირექტორის თანამდებობა დაიკავა და მხოლოდ ამ წლის აგვისტოში დატოვა ის ჯანმრთელობის გაუარესების გამო. მაშინ თავის წერილში თანამშრომლებისადმი მან თქვა:

„… თუ დადგება ისეთი დღე, როდესაც მე ვერ შევძლებ მოვალეობების შესრულებას გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, მე პირველი გეტყვით ამის შესახებ. სამწუხაროდ, ეს დღე დადგა“.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა სტივ ჯობსის გარდაცვალების შესახებ, Apple-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, ტიმ კუკმა თანამშრომლებს შემდეგი შინაარსის წერილი დაუგზავნა:

მეგობრებო,

ძალიან სამწუხარო ამბავი უნდა გაგიზიაროთ თითოეულ თქვენთაგანს. დღეს დილით სტივ ჯობსი გარდაიცვალა.

Apple-მა დაკარგა შორსმჭვრეტელი ხელოვანი გენიოსი, ხოლო მსოფლიომ — არაჩვეულებრივი ადამიანი. მათთვის, ვისაც წილად გხვდა ბედნიერება პირადად გვცოდნოდა სტივი და მის გვერდით გვემუშვა, დაკარგა ძვირფასი მეგობარი და მასწავლებელი. სტივმა დატოვა კომპანია, რომლის შექმნა მხოლოდ მას შეეძლო და მისი სული ყოველთვის დარჩება Apple-ის საფუძველი.

ჩვენ ვგეგმავთ გავმართოთ პანაშვიდი კომპანიის თანამშრომლების მონაწილეობით უახლოეს დროში. მაგრამ თუ თქვენ სურვილი გაქვთ საკუთარი აზრები, მოგონებები და სამძიმარი გაგვიზიაროთ ერთად შეკრებამდე, შეგიძლიათ მოიწეროთ ელფოსტის მისამართზე rememberingsteve@apple.com.

ვერანაირი სიტყვა ვერ გამოთქვავს ჩვენს დამწუხრებას, ისევე როგორც ჩვენს მადლიერებას იმისათვის, რომ სტივის გვერდით გვქონდა მუშაობის საშუალება. ჩვენ  პატივს მივაგებთ მის ხსოვნას ჩვენი შრომის გაგრძლებით იმ დარგში, რომლეიც მას ასე უყვარდა.

ტიმი.