30 ივნისს არსებობას შეწყვეტს სერვისი MobileMe, ხოლო ერთი თვის შემდეგ, 31 ივლისს, ასევე დაიხურება საიტი iWork.com. ცუდია, რომ სანაცვლოდ Apple ჯერ-ჯერობით არაფერს ახალს არ გვთავაზობს.
ბეტა-სტატუსში ჩარჩენილი iWork.com გახლავთ ქსელური საცავი Pages, Numbers და Keynote-ის დოკუმენტებისათვის. მონაცემები ამ სერვისიდან არ ჩამოიტვირთება თქვენს კომპიუტერში ავტომატურად, სამაგიეროდ რამდენიმე საინტერესო ფუნქცია აქვს. ჯერ ერთი, შეგიძლიათ დოკუმენტებს მიანიჭოთ წვდომის სხვადსხვა სქემები, საჯაროდან მკაცრად პირადამდე, ასევე შესაძლებელია დოკუმენტზე პაროლის დადება. მეორეც, მომხმარებლებს წვდომის სათანადო უფლებებით შეუძლიათ შესწორებების შეტანა დოკუმენტში — ფრიად მოსახერხებელია ერთობლივი მუშაობისას. და მესამე, შესაძლებელია დოკუმენტის ჩადგმა სხვა ვებ-გვერდებზე.
არაფერი ამის მსგავსი iCloud-ში არ არის — მიუხედავად ამისა, Apple მაინც დახურავს თავის სერვისს ივლისის ბოლოს.
წყარო: 9to5mac