ორი წლის ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა მივიღე ისეთი პლანშეტი, რომელიც მე მსურს რომ მქონდეს. ამა წლის 7 მარტის Apple-ის სპეციალურ ღონისძიებაზე წარმოდგენილი პლანშეტური კომპიუტერი 16 მარტს გამოვიდა გაყიდვაში, ხოლო ჩემს ხელთ ათიოდე დღის წინ აღმოჩნდა. გაიკვირვებს ალბათ მკითხველი — აქამდე რატომ არ გამოაქვეყნე მიმოხილვაო. იმიტომ, რომ მთელი ეს ათი დღე ვცდილობდი ახალ მოწყობილობაში ძალიან დეტალურად გავრკვეულიყავი, მენახა ყველა დადებითი და უარყოფითი მომენტი და ზედმიწევნით დეტალური მიმოხილვა გამეკეთებინა. ათი დღის ტესტირების შემდეგ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა: დიახ, ორი წლის ლოდინი ღირდა ამათ. და თუ რატომ, ამად დეტალურად მოგიყვებით ამ სტატიაში.
დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს ფოსტა როგორც ყოველთვის, „მოწოდების სიმაღლეზე“ აღმოჩნდა — აშშ-დან სამ დღეში ჩამოსული პლანშეტი ოთხი დღე აყურყუტეს აეროპორტში და მხოლოდ ამის შემდეგ გვაღირსეს მოტანა. ჯანდაბას, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს-მეთქი, ვიფიქრე და შევუდექი ახალი მოდელის შესწავლას.
ტექნიკური მახასიათებლები
საოპერაციო სისტემა: iOS 5.1
პროცესორი: Dual-core Apple A5X
ფლეშ-მეხსიერება: 16 გბაიტი (ასევე ხელმისაწვდომია 32 გბ და 64 გბ)
ოპერატიული მეხსიერება: 1 გბაიტი
ეკრანი: 9,7″, retina 2048×1536, IPS-მატრიცა შუქდიოდური განათებით, პრიალა, მოცულობითი ეკრანი, Multitouch-ის მხარდაჭერით
ქსელი: Wi-Fi (802.11a/b/g/n), Bluetooth 4.0 (ასევე არის მოდელი ე.წ. 4G-ქსელების მხარდაჭერითაც (LTE) ოპერატორებისათვის AT&T და Verizon)
შეტანა-გამოტანის პორტები: შემაპირისპირებელი სადგური, 3,5 მმ. სტერეო-ჯეკი, ხმამაღლამოლაპარაკე, მიკროფონი
აკუმულატორი: ჩადგმული, 42 ვტ/სთ, ლითიუმ-პოლიმერული
კამერები: უკანა მხრიდან: 5 მეგაპიქსელი, წინა მხრიდან – VGA (0.3 მეგაპიქსელი)
დამატებით: სამგანზომილებიანი ჰიროსკოპი, აქსელერომეტრი, განათებულობის სენსორი, ციფრული კომპასი
GPS: არის
ზომები: 241 × 186 × 9,4 მმ.
წონა: 652 გრ.
კომპლექტაცია
როგორც ყოველთვის, არაფერი ზედმეტი Apple-ის პროდუქტის კოლოფში არ დევს: უშუალოდ მოწყობილობა, კვების ბლოკი, კაბელი, რომლითაც მოწყობილობის დატენვაც შეიძლება და კომპიუტერთან მიერთებაც, მცირე სახელმძღვანელო და რაღათქმაუნდა წებოვანი სტიკერები მოკბეჩილი ვაშლის გამოსახულებით, ორი ცალი.
პლანშეტის კოლოფი გარეგნულად თითქმის არ შეცვლილა — მხოლოდ თავსახურის ზედა წიბოზე გაჩნდა წარწერა iCloud, დანარჩენი ისევ ისეთია.
გარეგანი სახე
ახლა მოდი პლანშეტს დავუბრუნდეთ. თეთრი ფერისა შემხვდა. სიმართლე ითქვას, თეთრი უფრო მომწონს, ვიდრე შავი, ოღონდ ესაა, მეუღლე ჯერ-ჯერობით ვერ დავითანხმე ამ საკითხში. იმედია, იმ დროისათვის როდესაც ჩემი საკუთარი ეგზემპლარის ყიდვის დრო დადგება, ამ საკითხში შევთანხმდებით.
ოდესმე iPad2 თუ გჭერიათ ხელში? თუ პასუხი დადებითია, მაშინ მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ახალი iPad ოდნავ მძიმეა და ოდნავ უფრო სქელი, ვიდრე ძველი მოდელი. თუ კონკრეტული ციფრები გაინტერესებთ, გეტყვით, რომ სიგრძე და სიგანე იგივე დარჩა, ხოლო სისქემ 0.6 მმ-ით მოიმატა. პრაქტიკულად შეუმჩნეველია. წონით ახალი მოდელი ძველზე 50 გრამით მეტს იწონის. რათქმაუნდა მიხვდით, რომ ეს ყველაფერი გაძლიერებული აკუმულატორის გამო მოხდა.
iPad-ის კორპუსი შესრულებულია ალუმინის ერთიანი ნაჭრისაგან. უკანა გლუვი ხუფი, რომელზეც Apple-ის შავი ლოგოა გამოსახული, მყარად არის დაკავშირებული წინა მხარეს მოთავსებულ შუშასთან — არანაირი ჭრაჭუნი, ხმაური, ან ნაწილების გადაადგილება, რაც ასე ჩვევიათ ვაშლოვანის კონკურენტების პროდუქტებს. ფორმა სულ ოდნავ შეიცვალა, თუმცა ამის შემჩნევა ძალიან ძნელია.
ახლა მოდი ვნახოთ, თუ ახალ iPad-ის კორპუსსზე რა სად არის განთავსებული. როგორც ყოველთვის, ქვედა წიბოზე, შუაში მოთავსებულია 30-კონტაქტიანი შესაერთებელი, რომელიც გამოიყენება მოწყობილობის დასატენადაც და კომპიუტერთან დასაკავშირებლადაც. სრული დამაჯერებლობით შეიძლება ითქვას, რომ iPad-ების ძველი მოდელებისათვის გამოშვებული აქსესუარების უდიდესი ნაწილი სრულიად თავისუფლად იმუშავებს ახალ მოდელთანაც. მოწყობილობის ზედა წიბოზე მოთავსებულია ყურსასმენების შესაერთებელი 3.5 მმ-იანი და ჩართვა-გამორთვის ღილაკი.
ეკრანი
ჰოო, ეკრანი ახალ iPad-ში სწორედაც რომ ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი და ყველაზე მეტი კითხვის აღმძვრელია. აბსოლუტირად ყველამ ,ვინც კი გაიგო, რომ ახალი iPad ჩამოგვივიდა, პირელი კითხვა ეკრანის შესახებ დამისვა. გინდათ გითხრათ სიმართლე? გითხრათ, რასაც ვფიქრობ ამ ახალ, Retina-ეკრანზე? არაჩვეულებრივია, გადასარევია, საუცხოაა! მოკლედ, ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძებელია და მოდით ნუ ჩამითვლით ამ ჩემს ნათქვამს Apple-ის ფანატის ნათქვამად. ფანატობა ფანატობად, მაგრამ ყველა ჩემმა ნაცნობმა, თუ მეგობარმა, ვინც არ არის Apple-ის ფანატი და მეტიც, მოძულეც კი არის, აღიარა, რომ ახალი iPad-ის ეკრანი ძალიან მაღალი ხარისხისაა.
ძირითადი მომენტი რათქმაუნდა ეკრანის გარჩევადობაშია. 2048×1536 წერტილი — ეს ოხჯერ უფრო მეტია, ვიდრე ძველი iPad-ის გარჩევადობა, მილიონი წერტილით მეტი, ვიდრე თქვენს FullHD ტელევიზროში. წერტილების სიმჭიდროვე 9.7-დუიმიან ეკრანზე შეადგენს 264 ppi-ს, რაც ნაკლებია, ვიდრე iPhone 4 – iPhone 4S-ის ეკრანზე, სადაც ეს მაჩვენებელი 326 ppi-ს შეადგენს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტაბლეტის ეკრანი თვალებთან ჩვენ ისე ახლოს არ გვიჭირავს, როგორც ტელეფონის ეკრანი, შესაბამისად დისკომფორტი არ წარმოშობა. არა, რა დისკომფორტი, რის დისკომფორტი — ათი დღეა ახალი iPad მაქვს და თვალს ვერ ვწყვიტავ მის ეკრანს — ტექსტი გლუვი, გამოსახულება მკაფიო, მოკლედ, ძალიან მაღალი ხარისხის ეკრანი აქვს ახალ მოდელს.
აქ თქვენ ვერ ნახავთ მყვირალა წითელ და მწვანე ფერებს, როგორც ეს არის Samsung-ის Super AMOLED-ეკრანებზე. ახალი ეკრანი არა მარტო მაღალ კონტრასტულია, არამედ კიდევ უფრო მკაფიო და კაშკაშა. თუ გვერდი-გვერდ დააწყობთ ახალ iPad-სა და Samsung Super AMOLED-ით აღჭურვილ ტაბლეტს, დაინახავთ რომ Retina-ეკრანი უფრო ცივი ფერებით გამორჩევა.
ერთი მომენტი კინაღამ შევცდი და ვიფიქრე, რომ ეკრანის ახალი გარჩევადობის პირობებში ტაბლეტის სამუშაო დაფაზე უფრო მეტი ხატულა იქნებოდა განთავსებული, ვიდრე ძველ მოდელებზე. არა, როგორც იყო ოცი, ისევე დარჩა. ანუ ახალ მოდელში ყველაფერი აბსოლუტრად ისევეა გაკეთებული, როგორც ძველ მოდელში. ყველაფერი ისევე გამოიყურება ერთი ძირეული განსხვავების გარდა — ახალ მოდელში ყველაფერი გაცილებით უკეთესი ხარისხით არის წარმოდგენილი.
PDF-ის დათვალიერება
PDF ჩემი დიდი ხნის ტკივილია. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც არანაირი ტაბლეტები არ არსებობდა (Windows-ტაბლეტებს არ ვთვლი, ვინაიდან მათი iPad-ამდელი ვერსიები საერთოდ გაუგებარია, რა იყო), PDF-ფაილების კითხვა კომპიუტერის ეკრანზე კითხვა მიწევდა. ან, თუ პრინტერში საკმარისი ქაღალდი და ფხვნილი იყო, ნაბეჭდი ვერსიისა. შარშან ვიყიდე ელ. წიგნი, Sony PRS-650, ყოველმხრივ შესანიშანვი 6 დუიმიანი წიგნი, რომელსაც ახლა არაფრის დიდებით არ გავცვლი სხვა რამეში. მაგრამ 6 დუიმი მაინც ძალიან ცოტაა PDF-ისათვის. ერთი-ორჯერ ვცადე წიგნში ფაილების ჩატვირთვა და კითხვა, მაგრამ ეს საშინლად დამღლელი პროცესი აღმოჩნდა და თავი დავანებე მცდელობას. ახალ iPad-ში ეს პროცესი გაცილებით გაუმჯობესებულია მაღალგარჩევადობის მქონე ეკრანის გამოისობით, თუმცა იდეალური მაინც არაა. მე 50-ამდე გიგაბაიტი PDF-ჟურნალები მაქვს კომპიუტერში შენახული. რამდენიმე მათგანი ჩავტვირთე და სიმართლე ითქვას, ძალიან კომფორტულადაც წავიკითხე. ასე რომ ჩემთვის პირადად ეს საკითხი გადაწყვეტილია.
ვიდეო
ბევრი ეჭვი და მოსაზრება იყო იმის შესახებ, თუ როგორ გამოჩნდებოდა მაღალი (ტელევიზორის FullHD-იზე უფრო მეტი) გარჩევადობის ეკრანზე ჩვეულებრივი ფილმი. ჯერ ერთი, როგორც 1080p, ისევე 720p გარჩევადობის ფილმი ძალიან კარგად გამოჩნდა ახალ iPad-ზე, მეორეც, ალბათ ძალიან იშვიათად, რომ ვინმემ ჩატვირთოს ამხელა მოცილობის ფილმი ტაბლეტში და ამით თითქმის მთლიანად შეავსოს ხელმისაწვდომი მეხსიერება. მეორეც, გაგიკვირდებათ, მაგრამ არა-HD ფილმებიც ძალიან კარგად ეშვება და არნაირი დისკპომფორტი არ შეიგრძნობა. ასე რომ ეჭვების თემას დახურულად ვაცხადებ!
კამერა
აი აქ სერიოზული წინვლა გვაქვს, ოღონდ ნაწილობრივი. ნაწილობრივი იმიტომ, რომ მართალია ძირითადი კამერა 5 მეგაპიქსელიანი გახადეს და გამოსახულების ხარისხმა რეალურად მოიმატა, წინა კამერა, რომელიც ძირითადად ვიდეო-ზარებისათვის არის განკუთვნილი, კვლავ 0.3 მეგაპიქსელიანი დარჩა, ანუ ყველაფერს თავისი სახელი რომ დავარქვათ, ნაგავი. 1.3-მდე მაინც აეწიათ… მოკლედ, ასეა, თუ ისე, ახლა ძირითადი კამერა სრულიად ნორმალურ სურათებს იღებს, ხოლო რაც შეეხება ვიდეოს, 1080p წამში 30 კადრი სისწრაფით. კარგია, ძალიან კარგი. ჰო, ფოტოებშიც და ვიდეოშიც ახლა შესაძლებელია გეოტეგინგის ჩართვა, რაც ჩემთვის ფრიად საჭირო ფუნქციაა.
წარმადობა
არც მეორე iPad გამოირჩეოდა ნელი მუშაობით, ლოგიკურია, რომ ახალი iPad-იც მინიმუმ ასეთი წარმადობის უნდა ყოფილიყო. და მართლაც, ახალი iPad სწრაფია, ძალიან სწრაფი. აპლიკაციების ჩატვირთვა სწრაფად ხდება. თამაშებზე ხომ საერთოდ არაფერს ვამბობ, ყველაფერი დაფრინავს. ასე რომ ეს მომენტიც გადასარევად არის დამშავებული. ბოლო-ბოლო ნუ დაგვავიწყდება, რომ ახალ iPad-ში ახაი გრაფიკული ქვე-სისტემაა, არაჩვეულებრივი წარმადობის. გეიმერებო, ყველა ქვეყნისა, გადაყარეთ თქვენი კონსოლები და გადმოდით iPad-ზე, არ ინანებთ!
კორპუსის გაცხელება
ახალი iPad-ის გამოსვლისთანავე ინტერნეტში ჩვეულებრივი ყვირილი და პანიკა ატყდა, აქაოდა ახალი მოწყობილობა უთოსავუთ ცხელდებაო და ერბო-კვერცხსაც კი შეწვავო მასზე. მე უკვე მიჩვეული ვარ ასეთ პანიკურ გამოხტომებს მავანი მომხმარებლებისაგან და სფინქსის, ან თუ გნებავთ, ოლიმპიური სიმშვიდით დაველოდე ჩვენი ეგზემპლარის ჩამოსვლას. პირველივე რასაც მივაქციე ყურადღება, ეს კორპუსის გაცხელება იყო. დასკვნები შემდეგია. კი, ცხელდება. ოღონდ კორპუსზე რაიმეს შეწვის პერსპექტივა ნულისაკენ მიისწრაფვის, როგორც ეს არ უნდა ესმოვნოთ ეფლო-ფობებს. გააჩნია რა სახის სამუშაოს აკეთებთ iPad-ზე. ინტერნეტში სერფინგი, წერილების კითხვა, ფეისბუკი და მიდაგვარი აპლიკაციები — საერთოდ არ ცხელდება, იოტის ოდენადაც კი. მძიმე თამაშები, ფოტოების დამუშავება, მოკლედ იქ, სადაც პროცესორი და გრაფიკა ბოლომდე იჭაჭება, კორპუსი ცხელდება, თუმცა ძალიანაც რომ მოინდოდმოთ, ხელს ან სხეულის სხვა რომელიმე ნაწილს ვერ დაიწვავთ, გარანტიას გაძლევთ. მოკლედ, დაიკიდეთ, მოგეშვებათ.
ქსელები
iPad-ის ეგზემპლარი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, მხოლოდ Wi-Fi მოდულით არის აღჭურვილი. ასე რომ ვერაფერს მოგახსენებთ 3G მოდულის მუშაობის შესახებ. Wi-Fi-ზე კი გეტყვით, რომ სრულიად გამართულად მუშაობს, არ ყოფილა მომენტი, რომ გათიშულიყო, ან რაიმე დისკომფორტი შემეგრძნო.
ავტონომიური მუშაობის დრო
თვაიდანვე, სანამ ახალი iPad გამოვიდოდა გაყიდვაში, ბევრი მითქმა-მოთქმა იყო მის ახალ შესაძლებლობებზე. კერძოდ ახალ ეკრანზე, უფრო მეტ ოპერატიულ მეხსიერებაზე და ახალ პროცესორ-ვიდეო ბარათზე. ეს ყველაფერი დადასტურდა. ლოგიკურად დაისვა კითხვა, როგორ მოერეოდა გაძლირებულ პარამეტრებს ახალი iPad-ის აკუმულატორი? ხომ არ შემცირდებოდა ავტონომიური მუშაობის დრო? მაგრამ Apple რისი Apple-ია, ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად და სკურპულოზურად თუ არ გათვალა? iPad-ის ახალმა მპდელმა მიიღო ახალი, უფრო მოცულობითი აკუმულატორი, რასაც შეეწირა მოწყობილობის სისქე (0.6 მმ.) და წონა (50 გრ.). შედეგად ჩვენ კვლავ გვაქვს ტაბლეტი, რომელიც ავტონომიურად 10 საათი მუშაობს (4G ქსელებში — 9 საათი, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ამ ტიპის ქსელი საქართველოში, შესაბამისად არ გვაღელვებს ეს საკითხი). ბრავო Apple!
კი ბატონო, ოფიციალური მონაცემებით ვთქვათ მართლა მუშაობს 10 საათი iPad, მაგრამ რეალურად როგორი შედეგებია, იკითხავს იჭვნეულად მავანი? როგორია და ახლავე მოგახსენებთ. რომ გითხრათ, რომ ძალიან მიყვარს აბსოლუტურად სტერილურ პირობებში ავტონომიური მუშაობის ტესტების ჩატარება, მოგატყუებთ. გაცილებით მჯობესია, თუ ბუნებრივ პირობებში მოხდება ნებისმიერი ტესტირება. ჰოდა, მეც მასე მოვიქეცი. საშუალო ზომაზე დაყენებული სიკაშკაშით ჩავატარე შემდეგი ცდები: ინტერნეტში მუშაობა, ვიდეოს ნახვა და წიგნების კითხვა.
ესეც შედეგები. ინტერნეტში მუშაობა 11 საათის განმავლობაში სრულიად შესაძლებელია. ვიდეო, 10 საათი გაქაჩა ტაბლეტმა. ანუ შეიძლება იქთავს, რომ Apple-ის მონაცემები ავტონომიური მუშაობის შესახებ ფაქტობრივად შეეხება ტაბლეტზე ვიდეოს ყურების ტესტებს. ასევე იყო iPad-ის წინა ვერსიებში. რაც შეეხება წიგნის კითხვას, გამოვიყენე სტანდარტული აპლიკაცია, iBooks. შედეგად თითქმის 12 საათი წიგნის კითხვის რეჟიმში, მშვენიერი შედეგია.
აი, რაც შეეხება ტაბლეტის დატენვის დროს, აქ არის მცირედად საწყენი მომენტი. 7 საათი უნდა iPad-ს, რომ ბოლომდე დაიტენოს. პრინციპში ჩემთვის ეს მისაღები ვარინატია და რატომ. მე როგორც წესი, 12 საათზე ვიძინებ და დილით 6-7 საათზე ვდგები. ძილის წინ დატენვაზე ჩართული iPad ზუსტად რომ გაღვიძებისას დატენილი დამხვდება, რაც ფრიად კარგია.
დასკვნები
რა დასკვნები გავაკეთო? ძირითადი, რისი თქმაც შეიძლება, ახალი iPad ნამდვილად კარგი პროდუქტია. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ (მაგრამ ეს დროებით), ამ ეტაპზე ახალი, Retina-ეკრანისათვის სპეციალურად შექმნილი აპლიკაციების რაოდენობა კატასტროფულად ცოტაა, დაახლოებით ასამდე. იმედია, დეველოპერები სულ მალე შემოგვთავაზებენ აპლიკაციების ახალ ვერსიებს, აი მერე ნახეთ iPad-ის მხირდან კონკურენტების უკან ჩამოტოვება სინათლის სისწრაფით!
თქვენ გაქვთ პირველი iPad? მაშინ თქვენ ახალი iPad-ის მყიდველი ხართ, უეჭველი! მეორე iPad-ის მფლობელები კარგად უნდა დაფიქრდნენ, სანამ იყიდან ახალ მოდელს. თუ თქვენთვის ეკრანის ფანტასტიური გარჩევადობა რეალურად მნიშვნელოვანია, მაშინ თქვენც აუცილებლად უნდა შეიძინოთ ახალი მოდელი.
თქვენ არ გაქვთ არანაირი ტაბლეტი? მაშინ ერთადერთი რელაური ვარიანტი თქვენთვის ახალი iPad-ია! სხვა შეგიძლიათ არც კი განიხილოთ, დანამდვილებით გეუბნებით.
თქვენ ანდროიდის მომხმარებელი ხართ? აბა რა გითრათ, გადმოდით სიკეთის მხარეზე, დამიჯერეთ არ ინანებთ!
პირადად ჩემთვის არჩევანი ცხადია — მე ახალ iPad-ს ვყიდულობ.