არც ისე ბევრი ლოგოტიპი არსებობს, რომლებიც კარგად არის ნაცნობი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შეგვიძლია გავიხსენოთ ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა Coca-Cola-ს დახრილი, Nike-ის გაკრული, Audi-ს ოთხი რგოლი, ან Mercedes-Benz-ის „ვარსკვლავი“ ლოგოები. მათ სიაში ღირსეულად უკავია ადგილი აგრეთვე Apple-ის ლოგოსაც. როგორ იქმნებოდა და რატომ არის ისეთი, როგორსაც ჩვენ მას ვიცნობთ?
Apple-ის პირველი ლოგოტიპი რონალდ უეინმა შექმნა. ეს სახელი, შესაძლოა, ობივატელს დიდს არაფერს ეუბნება, მაგრამ რონალდი Apple-ის მესამე თანადამფუძნებელი იყო და ამავდროულად XX საუკუნის ყველაზე წარუმატებელი ადამიანიც. მან 800 დოლარად გაყიდა Apple-ის აქციების 10% კომპანიის რეგისტრაციიდან 11 დღის შემდეგ. ეს რომ არ გაეკეტებინა, დღეს რონალდ უეინს დაახლოებით 30 მილიარდი დოლარი ექნებოდა. ანალიტიკოსების მტკიცებით, შემდეგ სამ წელიწადში Apple-ის ღირებულება გასამმაგდება, ანუ უეინის დანაკარგი 100 მილიარდზე ავა.
ლოგო, რომელიც რონალდ უეინმა შექმნა, დღევანდელ ლოგოსთან არ არის კავშირში. ეს იყო ხელოვნების მინიატურული ნიმუში. ცენტრში გამოსახული იყო გამოჩენილი ინგლისელი მეცნიერი სერ ისააკ ნიუტონი, რომელსაც ეს-ესაა ვაშლი დაეცემა თავში. შემდგომში, როდესაც Apple ჯიბის კომპიუტერს გამოუშვებს, „ნიუტონის თემა“ კვლავ გაგრძელდება.
თუ ლოგოტიპს გავადიდებთ, დავინახავთ ტექსტს, რომელიც ლოგოს კანტს მიუყვება: Newton… A Mind Forever Voyaging Through Strange Seas of Thought … Alone (ნიუტონი… გონება, რომელიც მარტოდმარტო მიცურავს უცნაურ აზრთა მორევში). ეს გახლავთ სტრიქონი უილიამ ვორდსვორტის ავტობიოგრაფიული პოემიდან „პრელუდია“, რომელიც სრულად ასე გამოიყურება:
And from my pillow, looking forth by light
Of moon or favouring stars, I could behold
The antechapel where the statue stood
Of Newton with his prism and silent face,
The marble index of a mind for ever
Voyaging through strange seas of Thought, alone.
თარგმანი ასეთია:
მთვარის და ვარსკვლავების შუქით გასხივოსნებული
ჩემი ბალიშიდან შემეძლო დამენახა
ნიუტონის ძეგლი კვარცხლბეკზე
მას პრიზმა უჭირავს, მშვიდი სახით
როგორც გონების ციფერბლატი
მარტოდმარტო მიცურავს უცნაურ აზრთა მორევში.
ლოგო საინტერესო გამოვიდა (ნიუტინის სახელის გამოყენება საიდუმლეობით მოცულს ხდის), მაგრამ თანამედროვე ბიზნესისთვის ნაკლებად გამოსაყენებელია. ამიტომ უეინის ნამუშევარი მხოლოდ პირველი წლის განმავლობაში გამოიყენებოდა. შემდეგ სტივ ჯობსმა დახმარებისთვის გამოჩენილ გრაფიკოსს, რობ იანოვს მიმართა. საჭირო იყო მარტივი, თანამედროვე დიზაინის, ადვილადაღსაქმელი ლოგოტიპი.
რობმა ეს სამუშაო ერთ კვირაში დაასრულა. Revert to Saved ბლოგისათვის მიცემულ ინტერვიუში იანოვმა განმარტა, თუ როგორ იქმნებოდა ლოგო. რობმა იყიდა ვაშლები, ჩადო ჯამში და დაიწყო ხატვა. თანდათანობით, ზედმეტ ნაწილებს აშორებდა. სახელგანთქმული „მონაკბეჩი“ სპეციალურად გაკეთდა: ისეთი ლოგო უნდა გამოსულიყო, რომ ყოფილიყო მყარი ასოციაცია ვაშლებთან და არა სხვა რომელიმე ხილთან/ბოსტნეულთან/კენკრასთან. საქმეს კიდევ ის აადვილებდა, რომ ინგლისურად სიტყვები byte/bite (ბაიტი/მოკბეჩა) ერთნაირად ჟღერს.
რობ იანოვმა ლოგო ფერადი გახადა, რამაც კარგი ნიადაგი შეამზადა სხვადასხვა სახის სპეკულაციებისა და მითითებებისთვის. ყველაზე გავრცელებული, რომლის აქტიური კულტივირება Win-მომხმარებლების მიერ ხდება, არის ის, რომ ლოგო სექსუალური უმცირესობების მხარდაჭერას გამოხატავს. ეს ასე არ არის. Apple, რასაკვირველია, მხარს უჭერს LGBT-საზოგადოებას, რისი დამადასტურებელიც არის კლიპი, მაგრამ ფერადი ლოგო მანამდე შეიქმნა, ვიდრე LGBT-საზოგადოება იგივე ფერების გამოყენებას დაიწყებდა თავის სიმბოლიკაში.
ალან ტიურინგი. მეორე მითი კიდევ უფრო საინტერესოა. ამბობენ, რომ ვაშლი, ცისარტყელას ფერებში გამოსახული, პატივისცემის ნიშანია ალან ტიურინგის მიმართ. ტიურინგი გამოჩენილი ინგლისელი მათემატიკოსი და კრიპტოგრაფი გახლდათ, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ფაშიზმთან ბრძოლაში. მეორე მსოფლიო ომის დროს მან გატეხა კრიგსმარინესა და ენიგმას შიფრები, ხოლო მოგვიანებით უდიდესი როლი ითამაშა ინფორმატიკის განვითარებაში (ტიურინგის ტესტი, ნაშრომები ხელოვნური ინტელექტის საკითხებში). ტიურინგის დამსახურებამ ვერ გადაარჩინა ის სისხლის სამართლებრივი დევნისგან ჰომოსექსუალიზმის ბრალდებით. ალანს ორი წელი თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, თუ უარს იტყოდა ჰორმონალურ თერაპიაზე (რაც იწვევდა მკერდის ზრდას და ქიმიურ კასტრაციას). ამის გარდა, ტიურინგს ყველაზე ძვირფასი წაართვეს: მისთვის საყვარელი სამუშაო – კრიპტოგრაფია. შედეგად, ალან ტიურინგი განდეგილი გახდა, ხოლო მოგვიანებით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სუიციდის ფორმაც უჩვეულო იყო: მან მოკბიჩა ციანიდით გაჯერებული ვაშლი.
რობ იანოვი ამ ორივე მითს უარყოფს. მისი განცხადებით, არ არის საჭირო საიდუმლო აზრის ძებნა. Apple-ის ფერადი ლოგოტიპის დანიშნულება იყო იმ ფაქტის გადმოცემა, რომ კომპანია ფერად მონიტორიან კომპიუტერებს უშვებდა. ზუსტად ეს ფერები იყო დატანებული ლოგოზე. ფერების განლაგების კანონზომიერებაც დარღვეულია. იანოვმა ისინი ალალბედზე განათავსა, მხოლოდ მწვანე ფერი განათავსეს სულ ზემოთ სპეციალურად.
ასეთი სახით ლოგომ 22 წელი იარსება. 1998 წელს სტივ ჯობსი, რომელიც ადრე კომპანიიდან დაითხოვეს, კვლავ დაბრუნდა კომპანიაში. Apple ამ დროს დიდ ფინანსურ პრობლემებს განიცდიდა. კონკურენტები ურჩევდნენ, დაეხურათ კომპანია და ფული აქციონერებისთვის დაებრუნებინათ. საჭირო იყო კარდინალური ქმედებები. და იცით, რამ გადაარჩინა Apple? სამრეწველო დიზაინერმა, ჯონათან აივმა მოიფიქრა iMac G3-ის ახალი კორპუსის დიზაინი.
კომპიუტერებმა, რომლებიც მამალოსავით გამოიყურებოდნენ, გადაარჩინეს Apple. მეტიც, ისინი საკულტო გახდა — მათი გამოსახულება ხშირად ჩნდებოდა ფილმებში, ჟურნალებში, სერიალებში. ლოგიკურია, რომ ჭრელა-ჭრულა ლოგო ლამაზად არ გამოჩნდებოდა ფერად კორპუსზე. ამიტომ Apple-მა 1998 წლიდან მოყოლებული მონოქრომული ლოგო აირჩია. კომპანია გაიზარდა, და მასთან ერთად ჩვენც.
რობ იანოვმა შესანიშნავი ლოგო შექმნა. ის უბრალოდ ბანალური განმასხვავებელი ნიშანი კი არაა, არამედ ნამდვილი სიმბოლო. მაგრამ იანოვის დამსახურება არ იყო აღნიშნული Apple-ის მიერ. სტატიის დასაწყისში Nike ვახსენე. ის კეროლაინ დევიდსონმა შექმნა, ორეგონის უნივერსიტეტის სტუდენტმა. Nike-მა, იმ დროს ახალგაზრდა კომპანიამ, ლოგოში 35 დოლარი გადაიხადა. მაგრამ ათი წლის შემდეგ კომპანიის დამფუძნებელმა, ფილიპ ნაითმა კეროლაინს ძვირადღირებული ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა, ზუსტად Nike-ის ლოგოთი გაწყობილი და კომპანიის აქციების გარკვეული ნაწილი. ნაითმა ღირსეულად შეაფასა დიზაინერის ნამუშევარი.
Apple: კონკურენტებო, სად ხართ!
წყარო: Cydia.ge