იცით როდის აქვეყნებენ ფინანსური კვარტლის შედეგებს Google, Microsoft-ი და სხვა კომპანიები? ალბათ არა. Apple-ის ამ დოკუმენტების შესახებ ინფორმირებულობა და ინტერესი არც შეიძლება შევადაროთ სხვა მსგავს მოვლენებს. ყველას აინტერესებს თუ რამდენი გამოიმუშავა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულმა კომპანიამ. ისე, სიმართლე გითხრათ ბევრს აინტერესებს თუ როდის დასრულდება კუპერტინოელების გამარჯვებები. ასეა მოწყობილი ადამიანი. მას უნდა რომ უყუროს რაღაცის ჩამოშლას და თქვას: „ჰა, ჰააა, ასეც ვიცოდი!“ ბოდიში, მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუოთ. Apple-ის 2020 წლის პირველი კვარტალი შთამბეჭდავია.
რამდენს შოულობს Apple-ი?
მოგეხსენებათ Apple-ის ფისკალური კვარტალი სტანდარტულად გადანაწილებული არ არის. 2020 წლის პირველი კვარტალი კუპერტინოელებისთვის 2019 წლის 28 დეკემბერს დასრულდა. ერთი თვის შემდეგ ყველა შედეგი დამუშავდა, შეჯამდა და ახლა ჩვენც შეგვიძლია მასზე საუბარი.
Apple-ის ფინანსური ანგარიში
გასულ კვარტალში კომპანიის შემოსავალმა 91.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს არის 9 პროცენტით მეტი, ვიდრე წინა წელს იყო. კომპანიისთვის ეს შედეგი უბრალოდ კარგი არ ყოფილა, ეს იყო სარეკორდო შედეგი ისტორიაში.
წმინდა მოგება თითო აქციაზე გაიზარდა 19 პროცენტით — 4.99$, რაც ასევე ისტორიული შედეგია. კვარტლური შემოსავლის 61 პროცენტი საერთაშორისო გაყიდვებიდან მოდის, ეს ბევრია თუ ცოტა, თავად გადაწყვიტეთ.
მოგეხსენებათ რომ კომპანია კონკრეტული პროდუქტების გაყიდვების რაოდენობას აღარ გვამცნობს. შემოსავალი პროდუქციიდან 79.1 მილიარდი დოლარია (წინა წელს 73.4 იყო), ხოლო მომსახურებიდან 12.7 მილარდი დოლარი (წინა წელს 10.9 იყო).
ჩვენ მოხარულები ვართ გაცნობოთ, Apple-ის ყველაზე მაღალ შემოსავალზე კვარტლების ისტორიაში. ეს გამოწვეულია iPhone 11-ზე და iPhone 11 Pro-ზე დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე. ეს ყველაფერი არის ჩვენი მომხმარებლების კმაყოფილების და ერთგულების დამაჯერებელი მტკიცებულება. — განაცხადა ტიმ კუკმა.
Apple-ის ფინანსური შედეგების შესახებ პირდაპირი ტრანსლაციის ნახვა Apple-ის საიტზე შეგიძლიათ: (www.apple.com/investor/earnings-call/)