არ ვიცი თქვენთვის როგორ არის, მაგრამ ჩემთვის ტიმ კუკი მკაფიოდ ასოცირდება Apple Watch-თან. არა იმიტომ რომ Apple Watch-ი ტიმ კუკის დანიშვნის შემდეგ გამოვიდა, არამედ იმიტომ რომ ორივე თავიდანვე კრიტიკულად შეაფასეს. როგორც Apple Watch-ს, ასევე Tim Cook-ს, Apple-ის წარუმატებლობის დასაწყისად მიიჩნევდნენ. თუმცა, დიდი ხნის შემდეგ, ჭკვიანმა საათმაც და ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმაც მთელს მსოფლიოს აჩვენეს თუ როგორ გახდნენ თავიანთ სფეროში საუკეთესოები.
ტიმ კუკი Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი 2011 წელს გახდა, სტივის გარდაცვალებამდე ცოტახნით ადრე. სტივმა მოასწრო და დირექტორთა საბჭოს მისცა რეკომენდაცია ტიმ კუკის ხელმძღვანელად დანიშვნის შესახებ. დირექტორთა საბჭომ მალევე დაამტკიცა ჩანაცვლება, თუმცა ბრენდის გულშემატკივრები და ანალიტიკოსები ძალიან სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი. (მათ შორის მეც)
ტიმის მიმართ პრეტენზია პრაქტიკულად მხოლოდ ერთი იყო — ის არ იყო ჯობსი.
გარდა იმისა რომ ტიმ კუკი დროულად უნდა დაუფლებოდა ახალ თანამდებობას, მის დანიშვნასთან ერთად იყო ბევრი პრობლემები. Foxconn-ის ქარხნებში ცუდი სამუშაო პირობები, Apple Maps-ის ამუშავება, Samsung-თან გამართული სასამართლო დავები და ა.შ ეს სირთულეები ტიმმა გადალახა და როგორც თავად ამბობს ნებისმიერი წარმატება სირთულეების გარეშე არ მოდის.
რიცხვების გარეშე ეს ყველაფერი შესაძლოა ფუჭ სიტყვებად ჩაითვალოს, ამიტომ, ახლა მე შემოგთავაზებთ Apple-ის ცვლილებებს 2011 წლის აგვისტოდან, როდესაც სტივ ჯობსმა გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა.
— აქციების ღირებულება: 2011 წელს $53, 2020 წელს – 338$;
— კაპიტალიზაცია: 2011 წელს 354 მილიარდი აშშ დოლარი, 2020 წელს – 1,5 ტრილიონი აშშ დოლარი;
— iPhone-ის ასორტიმენტი: 2011 წელს – 1 მოდელი, 2020 წელს – 5 მოდელი;
— iPad-ის ასორტიმენტი: 2011 წელს – 1 მოდელი, 2020 წელს – 5 მოდელი;
— პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის პერიოდი iPhone-ზე და iPad-ზე: 2011 წელს – 3-4 წელი, 2020 წელს – 5-6 წელი;
— სერვისები: 2011 წელს – 3 სერვისი, 2020 წელს – 9 სერვისი.
ტიმ კუკი არის შესანიშნავი მენეჯერი, რომელიც არ იღებს მონაწილეობას პროდუქტების დიზაინის შექმნაში, მაგრამ ის მართავს მათ, ვინც ამას აკეთებს და ისინი აღწევენ წარმოუდგენელ წარმატებებს. ამ მხრივ, ჯობსი კომპანიის მუშაობას არაეფექტურს ხდიდა, რადგან სავალდებულო იყო ყველა გადაწყვეტილების მასთან კოორდინირება. კუკის პოლიტიკა კი პროცესების უმეტესობის დელეგირება და მხოლოდ მენეჯერული ფუნქციების შესრულებაა.