9 თებერვალს HP-ს დიდი დღე ჰქონდა: გამოაცხადა 2 ტიპის სმარტფონის ახალი ვერსიები – Palm pre 3 და Palm Veer, ტაბლეტური კომპიუტერი HP Touchpad და მათზე მომუშავე საოპერაციო სისტემა HP WebOS 3, რომელზეც საავტორო უფლებები მან პალმის ყიდვისას მოიპოვა. გარდა ამ სიახლებიისა, პრეზენტაციის ბოლოს HP-ის ვიცე-პრეზიდენტმა ტოდ ბრედლიმ ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა: WebOS წლის ბოლოსკენ პერსონალურ კომპიუტერებზეც იქნება პორტირებული. ამ პრეზენტაციით ნათელი გახდა, HP რას გზას ირჩევს კომპიუტერულ სამყაროში – ესაა ეპლის გზა, რომელიც მოიცავს ყველა პროდუქტის ტექნოლოგიურ კონტროლს, დაწყებული ჰარდვერით და დამთავრებული საოპერაციო სისტემით და მასში არსებული აუცილებელი პროგრამებით – კალენდრით, ელფოსტის კლიენტით და ა.შ. ანუ ბიზნესის ენაზე – ვერტიკალური ინტეგრაცია.
დესკტოპის საოპერაციო სისტემა
HP-ს სიყვარული პერსონალური ან უფრო ღრმად მოდიფიცირებული საკუთარი საოპერაციო სისტემისადმი ამ პრეზენტაციით არ დაწყებულა. 1989 წელს HP-მ გამოაცხადა საკუთარი გრაფიკული ინტერფეისის – NewWave-ის დაბადება. NewWave წარმოადგენა გრაფიკულ შრეს, რომელიც მუშაობდა Windows 2.0 და 3.0 ვერსიებზე და ასევე იგეგმებოდა მისი პორტირება IBM OS/2-ზე და კომპანიის HP-UX-ზე და რომელიც გამიზნული იყო რომ გამხდარიყო ბიზნეს აპლიკაციებისთვის სასურველი პლატფორმა.
NewWave-ის გამოჩენას დაემთხვა ეპლის სარჩელი მაიკროსოფტის წინააღმდეგ, რომელშიც ასევე შევიდა HP-ის ახალი პროდუქტი, ეპლის მაკინტოშის დესკტოპის ელემენტების კოპირების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ეპლმა წააგო სარჩელი, NewWave-ის საბოლოო აღსასრული ისევ მაიკროსოფტის ხელით მოხდა, როცა NewWave-ის ფუნქციონალური ელემენტები შევიდა მაიკროსოფტის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საოპერაციო სისტემა Windows 95-ში. HP-მ გადაწყვიტა მიეტოვებინა NewWave და გააგრძელა კომპიუტერების აწყობა Windows პლატფორმისთვის, ხოლო ცოტა მოგვიანებით, COMPAQ-ის ყიდვის შემდეგ, სმარტფონების აწყობაც. HP უფრო და უფრო ახდენდა თავისი მიმართულებების ინტეგრაციას ერთი კომპანიის ტექნოლოგიური ქოლგის ქვეშ და ბოლო განცხადებით, რომ WebOS წლის ბოლოსთვის პერსონალურ კომპიუტერებზეც გამოჩნდებოდა, რომელსაც ექნება მაუსის მხარდაჭერა, კიდევ უფრო დიდი ნაბიჯი გადადგა ტექნოლოგიური დამოუკიდებლობისკენ და მონოპოლისტი მაიკროსოფტისგან დისტანცირებისკენ – რომლის წარმატებული მაგალითი არის ეპლის ბიზნეს-მოდელი და რომელსაც კარგად იცნობს ჯონ რუბინშტეინი, წარსულში ეპლის ვიცე-პრეზიდენტი ჰარდვერის და აიპოდის დარგში და ახლა HP-ის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა.
მობილური ტექნოლოგიები
2007 წელს, აიფონის ფენომენალური წარმატების შემდეგ ნათელი გახდა, რომ სამომხმარებლო კომპიუტერების მომავალი ეკუთვნოდა მობილურ მოწყობილობებს – სმარტფონებს და ცოტა მოგვიანებით, ტაბლეტურ კომპიუტერებს. HP-ს ჰქონდა 2 არჩევანი, 1. დარჩენილიყო აპარატურის ამწყობად და აერჩია ან მონოპოლისტი მაიკროსოფტი თავისი ტექნოლოგიურად ჩამორჩენილი Windows Mobile-ით, რომელთან ერთადაც 2010 წელს სცადა HP Slate -ს გამოშვება და კატასტროფული რაოდენობის, მხოლოდ 9000 ცალის გაყიდვით დამთავრდა, ან გუგლის ფრაგმენტირებული ანდროიდი და შეერთებოდა ანდროიდზე მომუშავე, ერთმანეთისგან უკვე თითქმის არაფერით გამორჩეულ მოდელებს. 2. შეემუშავებინა ან მოეპოვებინა საკუთარი მობილური პლაფტორმა. 2010 წელს HP-მ იყიდა გაკოტრების გზაზე მდგარი, ერთ დროს ლეგენდარული Palm მისი საკმაოდ საინტერესო და პერსპექტიული პროდუქტის, WebOS-ის გამო, რამაც საშუალება მისცა მოეხდინა საკუთარი მობილური დივიზიონის ნაწილობრივი ვერტიკალური ინტეგრაცია და ასევე მოეპოვა გაცილებით დიდი დამოუკიდებლობა პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიებისგან. ანალოგია ეპლთან, რომელიც სტატიის სათაურშია, მდგომარეობს იგივე წარმატებული ბიზნეს-მოდელის არჩევაში, როგორც ეპლს აქვს და რომელსაც არც თუ ისე წარმატებით იმეორებს ბლეკბერის მწარმოებელი RIM. ეპლის შემთხვევაში, როცა კომპანია თვითონ აკონტროლებს პროდუქტის შექმნის თითქმის ყველა რგოლს და ეტაპს, საშუალებას აძლევს მწარმოებელს უფრო მეტი კონტროლი იქონიოს ფასზე, ხარისხზე, მონაცემებზე, პროდუქტის სტრატეგიულ და ტაქტიკურ დაგეგმარებზე და ასევე ცვლილებებზე, რისი მკაფიო მაგალითიც არის ეპლის iPad 499$-ად, რომლის მსგავსი შედეგის მიღწევაც ბოლო 1 წლის მანძილზე ვერავინ შეძლო.
შესაძლო პრობლემები
გამოუცხადებელი ფასი მათ ტაბლეტზე, რომელმაც ტექნოლოგიურ სამყაროში გააჩინა არცთუ უსაფუძვლო ეჭვი იმის თაობაზე, რომ TouchPad არ ეღირება აიპედივით იაფი. წინააღმდეგ შემთხვევაში HP გამოაცხადებდა მიმზიდველ ფასს და შექმნიდა საკმაოდ დიდ, პოზიტიურ მოლოდინს პროდუქტის გამოსვლის თარიღისთვის. მეორე – TouchPad-ს მოუწევს კონკურენცია არა დღევანდელ აიპედთან, რომელსაც უსწრებს ზოგიერთი ტექნიკური და ფუნქციონალური მაჩვენებლით, არამედ აიპედის მეორე ვერსიასთან, რომელიც გაცილებით უფრო მძლავრი იქნება, ვიდრე მისი წინამორბედი, ახალი შესაძლებლობებით, სავარაუდოდ იგივე ფასით და რომელიც გაყიდვაში უნდა გამოვიდეს ამ გაზაფხულზე, ხოლო TouchPad გვიან ზაფხულში. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი, ესაა ეკოსისტემა, რომელიც Palm-ს თავის დროზე საკმაოდ სუსტი გააჩნდა და რომლის შექმნაც მხოლოდ კომპანიის რესურსებზე არაა დამოკიდებული. ეპლის აიფონის, აიპედის და აიპოდის გარშემო არსებობს უზარმაზარი ეკოსისტემა, რომელიც შედგება ასიათასობით დეველოპერისგან, რომლებიც უკვე 3 წელია iTunes AppStore-თან მუშაობენ, ასევე აქსესუარების მწარმოებლებიც, რომლებიც უშვებენ უამრავი დასახელების ყურსაცვამებს, შალითებს, კლავიატურებს და ა.შ. ეპლის გარშემო არსებული ეკოსისტემის ღირებულება იზომება ასეულობით მილიონი დოლარის ოდენობით, რომელშიც არსებული გაყიდვების ლომის წილი ზუსტად რომ დეველოპერებს რჩებათ. ეს თავის მხრივ, იზიდავს უამრავ მომხმარებელს დიდი და მრავალფეროვანი არჩევანის გამო როგორც პროგრამული უზრუნველყოფის, ასევე ფიზიკური აქსესუარების მხრივ. აი ეს ხდის ეპლის ეკოსისტემას ყველაზე მიმზიდველს დეველოპერისთვის და რომლის წარმატებით შექმნაშიც HP-ს დასჭირდება წლები და არა ერთი-ორი. ხოლო ამ დროისთვის ეპლის აიპედი დიდი ალბათობით ინდუსტრიის ლიდერი და დეფაქტო სტანდარტი გახდება.