ნოუთებით iPhone-ის მომხმარებელთა უმრავლესობა სარგებლობს, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ამ აპლიკაციაში მუშაობა კიდევ უფრო მოსახერხებელი შეიძლება გახდეს. აი, ოთხი ყველაზე საინტერესო ფუნქცია, რომლებიც თქვენს პროდუქტიულობას აამაღლებს და გააუმჯობესებს ჩანაწერების შენახვას.
დოკუმენტების სკანერი
არ არის საჭირო ცალკე აპლიკაციის ძებნა და ჩამოტვირთვა ტელეფონში დოკუმენტების დასკანერებისათვის, როდესაც იგივეს გაკეთება Notes.app-შიც შეგიძლიათ. გახსენით აპლიკაცია და დააჭირეთ ღილაკზე ⊕. გამოჩნდება მენიუ, სადაც არის დოკუმენტების დასკანერების ბრძანება. შესაძლებელია მიღებული ფაილის ექსპორტი PDF ფორმატში, ნახატის სახით შენახვა, ანდა სულაც ელფოსტით გაგზავნა.
არსებობს ამ ბრძანებაზე გადასვლის უფრო სწრაფი გზაც, თუ თქვენს ტელეფონს აქვს 3D Touch-ის მხარდაჭერა: მთავარ ეკრანზე Notes.app–ის ხატულზე ხანგძლივი დაჭერით გამოვა მენიუ, სადაც ნახავთ ამ ბრძანებას.
ემოჯები საქაღალდეების მოსაწესრიგებლად
იცოდით, რომ ის საქაღალდეები, რომლის დასახელების დასაწყისში ემოჯი არის, სიის თავში გადადის ავტომატურად? ეს ხრიკი შეგიძლიათ გამოიყენოთ, როდესაც გსურთ მნიშვნელოვანი საქაღალდეების თვალსაჩინო ადგილას მიმაგრება.
ჩანაწერის ფონი უჯრებით და ცალხაზიანი
ნაგულისხმევად, შენიშვნები იქმნება თეთრ ფონზე, მაგრამ ამის შეცვლაც შეიძლება. მთავარ ეკრანზე გახსენით Settings, გადადით Notes > Lines & Grids. შერჩეული სტილი გამოყენებული იქნება ყოველი ახალი ჩანაწერისათვის. უკვე არსებული ჩანაწერები ძველი ფონით დარჩება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ჩაასწორებთ.
დაბლოკვა
არის ისეთი ჩანაწერები, რომელიც უცხო თვალმა არ უნდა ნახოს. თქვენ ადვილად შეგიძლიათ დაბლოკოთ ცალეკული ჩანაწერები და შეზღუდოთ მათზე წვდომა. დააჭირეთ გაგზავნის ხატულაზე და აირჩიეთ „Lock Note“. ჩაწერეთ პაროლი და მიუთითეთ, შეიძლება, თუ არა Touch ID-ის, ან Face ID-ის გამოყენება წვდომის მისაღებად.
თქვენ იცით რაიმე საინტერესო ფუნქცია Notes.app-ისათვის? გაგვიზიარეთ კომენტარებში!