ცოტა ხნის წინ Apple-მა დაიწყო თავისი მომდევნო საოპერაციო სისტემის Mac OS X Lion-ის (შემდგომში მაკლომი) ბეტა ვერსიის დარიგება გასასინჯად. ცხადია, ამ მოვლენამ დიდი გამოძახილი ჰპოვა მაკბიჭების (და გოგოების) გულებში. ტყუილი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ მთელი ეს „სათვისტომო“ კბილების კაწკაწით ელის მის დახლებზე გამოჩენას, მანამდე კი უდაბნოში უწყლოდ დარჩენილი მწირის სიხარბით ეწაფება რჩეულთა მიერ გამხელილ ცნობებს. ამ ბარათში შევეცდები თავი მოვუყარო ამ გამოჟონილ ცნობებს და ნაწილობრივ მაინც დავაკმაყოფილო ქართველი ვაშლიყვარიების ცნობისმოყვარეობა.
მაშ ასე, რა სიახლეები იმალება ლომის ბრდღვინვის მიღმა?
აღსანიშნავია, რომ ამ ბეტა-ვერსიის მიღება დეველოპერებს Mac App Store-იდან შეუძლიათ და იგი იწონის 3,5 გბ-ს.
მაკლომით Apple-ი ახდენს თავისი გრაფიკული სამომხმარებლო ინტერფეისის — Aqua-ს გადახედვას, რომელსაც თვალნათლივ ეტყობა iOS-ის გავლენა. მაკლომში აპლი აჩენს ახალ ვიჯეტებს: popovers (ადგილობრივი მენიუ), სარკმლების ცოციები iOS-ის კაბაში, multitouch-სა და მრავალ ახალ ანიმაციას.
პრეს-კომუნიკეში აპლმა გაიმეორა შარშან დეველოპერების კონფერენციაზე განცხადებული სიახლეები: მთლიანი ეკრანის რეჟიმი, ავტომატური დამარქაფება, ლაუნჩპადი (Launchpad), მოუშენკონტროლი (MotionControl), რეზიუმე (Resume — აპლიკაცია იმავე მდგომარეობაში დაგხვდებათ, როგორშიც დატოვეთ)…
ელფოსტა
მაკლომში აპლი გვთავაზობს მეილის ახალ ვერსიას, რომელსაც შეუიარაღებელი თვალითაც კი კარგად ემჩნევა აიპადის ვერსიის ზეგავლენა. საუბრების რეჟიმი მეილის ამ მე-5 ვერსიაში ძალიან ჰგავს Sparrow-ს შესაბამის რეჟიმს.
ეარდროპი (AirDrop)
ეარდროპი (ანუ ჰაერყრა) მაკლომს დაყოლილი ახალი სერვისია, რომელიც სხვა მაკებზე ფაილების უმავთულოდ და კონფიგურირების გარეშე გაგზავნის საშუალებას იძლევა. იგი ფაინდერის გვერდითა ზოლში გამოჩნდება ხატულას სახით, რომლის ამორჩევისასაც ფაინდერის მარჯვენა ნაწილში გამოაჩნდება ყველა ხელმისაწვდომი მაკი. ირბისის ფაინდერის „ზიარისაგან“ განსხვავებით, რომელშიც მაკებია ჩამოთვლილი, მაკლომი წარმოაჩენს პიროვნებებს და მათთვის ფაილის გასაგზავნად საკმარისი იქნება, მათს ხატულაზე გასაგზავნი ფაილის დაგდება. გაგზავნილი ფაილი ავტომატურად დაიდება მიმღების საქაღალდეში „ჩამოტვირთვანი“.
ვერსიები
ვერსიები დროის მანქანის აპლიკაციაზე მორგებული სახესხვაობაა, იგი დოკუმენტზე მუშაობისას მის მიმდინატე ვერსიებს შეინახავს და მომხმარებელს ექნება საშუალება თვალი გადაავლოს ან შეცვალოს ადრეული ვერსიები, ან დაუბრუნდეს ერთ-ერთ მათგანს.
მრავალხება (multitouch)
მაკლომში ჩადგმული მრავალხების შესაძლებლობათა სადემონსტარციოდ Apple თავის საიტზე გვთავაზობს ვიდეორგოლს, რომელშიც შეგვიძლია დავინახოთ რამდენიმე ახალი ჟესტი: ორი თითით დაუმვა (ისევე როგორც აიფონზე), აპლიკაციიდან აპლიკაციაზე გადასვლა სამი თითით…
დისკოს უჩინარი დანაყოფი სისტემის კვლავდასაყენებლად
Mac OS X Lion-ში ყველაფერი კეთდება თქვენი კომპიუტერის საინსტალაციო დივიდისაგან დამოკიდებულები შესამცირებლად. ასე მაგალითად, პირველი დაყენებისას, სისტემა ჰქმნის უჩინარ დანაყოფს, რომელსაც ეწოდება Recovery HD. ეს დანაყოფი მთლიანად დაფარულია, თვით დისკოთსამარჯვითაც კი შეუძლებელია მისი დანახვა. ამ დანაყოფზე მისაწვდომად საჭიროა კომპიუტერის დაქოქვის R ან alt კლავიშებზე დაჭერა. ამ დანაყოფიდან შესაძლებელია სისტემის კვლავდაყენება ნებისმიერ დროს. იგი იძლევა დროის მანქანის მარქაფებიდან აღდგენის საშუალებას და რაც ყველაზე უფრო ყურადსაღები და სასრგებლოა, ამ დანაყოფიდან ამოქიქილი სისტემიდან შესაძლებელია საფარის გამოყენება მსოფლიო აბლაბუდაში თქვენი პრობლემის აღმოფხვრის ხერხის საპოვნელად.