iOS-ის ქართველი მომხმარებელები დიდად არ ვართ განებივრებულები სამამულო წარმოების აპლიკაციებით. არა, კი არის, მაგრამ აშკარად ცოტაა. ამიტომ ყოველი ახალი აპლიკაციის ბაზარზე გამოჩენას დიდი ინტერესით ვხვდებით ხოლმე. გამონაკლისი არც ისეთი მნიშვნელოვანი სფეროა, როგორც საბანკო. ალბათ არ არსებობს ადამიანი საქართველოში, რომ რომელიმე ბანკის კლიენტი არ იყოს. ამათგან ალბათ საკმაოდ ბევრი „საქართველოს ბანკის“ კლიენტი იქნება. ამ ჯგუფიდან კიდევ საკმაოდ ბევრი იქნება ისეთი, რომლებიც კომპანია Apple-ის ფრიად კარგი მოწყობილობების, iPhone-ისა და iPad-ის მფლობელები იქნებიან. ჰოდა სწორედ მათთვის „საქართველოს ბანკმა“ ფრიად საინტერესო პროდუქტი გაამზადა.
საქმე ეხება „საქართველოს ბანკის“ აპლიკაციას iOS-მოწყობილობებისათვის, ანუ iPhone-ისა და iPad-ისათვის. გუშინ, 3 მაისს რამოდენიმე ადამიანი მიგვიწვიეს ბანკის ცენტრალურ ფილიალში, სადაც ჩატარდა აღნიშნული აპლიკაციის შესაძლებლობების დემონსტრაცია.
ჯერ მოდი დავიწყოთ იმით, რომ ახალ, ცენტრალურ ოფისში პირველად მოვხვდი და ძალიან მომეწონა ინტერიერი და ზოგადად ის გარემო, რომელიც იქ სუფევდა. საღამოს 8 საათისათვი შევიკრიბეთ იმ ცნობილ შუშის კუბთან, რომელიც ახლოდან დეტალურად გუშინ დავათვალიერე, შევადარე Apple-ის ცნობილ კუბს და ფრიად მოვიხიბლე მისი დზაინით. მერე როგორც თბილისში იციან ხოლმე, ველოდებოდით დაგვიანებულ სტუმრებს და ბოლოს ყველანი ერთად ჩავეშვით „საქართველოს ბანკის“ მიწისქვ���შა სართულზე განთავსებულ საკონფერენციო დარბაზში.
პრეზენტაცია მიყავდა ბატონ დავით ბირმანს, რომელიც საუცხოო იუმორის პატრონია და ასევე შესანიშნავი ორატორი. ტექნიკური თვალსაზრისით ყველაფერი ძალიან წააგავდა სტივ ჯობსის მიერ წაყვანილ პრეზენტაციას — ტელეფონი, რომელზეც დაყენებული იყო აპლიკაცია, მიერთებული გახლდათ უზარმაზარ ეკრანთან ეკრანის დუბლირების რეჟიმში, შესაბამისად ჩვენთვის სირთულეს არ წარმოადგენდა ყველაფრის კარგად დანახვა.
მოდით ჩვენც ახლოს გავეცნოთ ამ ახალ აპლიკაციას.
აპლიკაციის მთავარი ფანაჯარა გაყოფილია ორ ნაწილად. ზედა ნაწილში განთავსებულია მთავარი მენიუ ოთხი პუნქტისგან შემდგარი: „მობილბანკი“, „უახლოესი ბანკომატი“, „ვალუტის კურსი“ და „სატელეფონო ცნობარი“. ქვედა ნაწილში ორი, გადაშლადი ბანერია წარმოდგენილი, რომლებზეც ბანკი გვიჩვენებს ხოლმე რაიმე სარეკლამო ინფორმაციას.
მოდით ახლა დეტალურად განვიხილოთ მენიუს თითოეული პუნქტი. დავიწყოთ ბანკომატებით. სინამდვილეში ამ პუნქტში გადასვლისას ჩვენ მარტო ბანკომატების განთავსების ინფორმაციას კი არ ვიღებთ, არამედ ბანკის ყველა ფილიალისა. აქ წარმოდგენილია ოთხი ქვე-პუნქტი: „ბანკომატი“, „სერვისცენტრი“, „ექსპრესი“ და „SOLO“. თითოეულ ქვე-პუნქტში გადასვლისას ჩვენ ვღებულობთ ბანკის შესაბამისი ობიექტების სიას, მისამართებსა და ჩვენი ახლანდელი მდებარეობიდან ამ ობიექტის დაშორებულობის შესახებ ინფორმაციას.
აღსანიშნავია ის, რომ აპლიკაციის ავტორებმა გაითვალისწინეს სხვა, უცხოური ბანკების გამოცდილება ამ სახის ინფორმაციის მოწოდებისას და საჩვენებლად ჯერ ობიექტების სია გამოიტანეს, ხოლო სიაში კონკრეტული ობიექტის არჩევის შემდეგ მოგვცეს შესაძლებლობა ეს ობიექტი ვიხილოთ რუკაზე.
მოკლედ, პროგრამის ეს ნაწილი ფრიად კარგად არის შესრულებული.
ახლა მოდით გადავიდეთ მთავარი მენიუს შემდეგ პუნქტში, ვალუტა. აქ ჩვენ დაგვხვდება ორი ქვე-პუნქტი: „კურსი“ და „კალკულატორი“. კურსის ფანჯარაში ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ვიხილოთ „საქართველოს ბანკის“ კომერციული კურსები საჭირო ვალუტისათვის.
თუ გადავალთ კალკულატორის ფანჯარაში, შესაძლებლობა მოგვეცემა გადავთვალოთ კონკრეტული და სასურველი ვალუტის კურსი, მათ შორის კროს-კურსის გათვლით.
მთავარი მენიუს მესამე პუნქტში განთავსებულია „სატელეფონო ცენტრი“, სადაც კლიენტი მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას ბანკის კონკრეტული ტეელფონის ნომრების შესახებ. ნომრებზე თითის დაჭერით პირდაპირ ირეკება, ნომრის კოპირება საჭირო არაა, მოკლედ, ყველაფერი სწორადაა შესრულებული ამ მხრივაც.
ახლა მოდი გადავიდეთ მენიუს მთავარ პუნქტში, „მობილბანკი“. აქ წარმოდგენილია ექვსი ქვეპუნქტი და ცენტრალური ნაწილი, სადაც წარმოდგენილია ანგარიშების, სესხებისა და ქულების მდგომარეობა.
წარმოდგენილია ყველა ის ოპერაცია, რომლის შესრულება შესაძლებელია ონლაინ-ბანკინგის მეშვეობით: ანგარიშების ნახვა, გადახდების ნახვა, გადარიცხვების შესრულება, თანხების გადაგზავნა, ბარათის დაბლოკვა დაკარგვის შემთხვევაში და მომხმარებლის პარამეტრების შეცვლა. რათქმაუნდა ოპერაციების დადასტურება შესაძლებელია როგორც სმს-ით, ასევე დიჯიპასითაც.
ნელ-ნელა ვუახლოვდები საქართველოს ბანკის აპლიკაციის აღწერის ბოლოს. რას დავამატებდი? მხოლოდ იმას, რომ ბანკმა ფრიად იყოჩაღა, დაფიქრებულად იმუშავა პროგრამაზე და შემოგვთავაზა ლოგიკურად შეკრული და დასრულებული გადაწყვეტილება, რაც ფრიად გასახარია ჩვენთვის, როგორც კლიენტებისათვის. სულ ცოტა ხანში iPhone-ის ვერსიის გარდა მივიღებთ iPad-ის, Android-ისა და BlackBerry-ს ვერსიებს.
ერთს დავამატებდი კიდევ. დროა კონკურენტმა ბანკებმაც იზრუნონ ამ მიმართულებაზე, რასაც სმარტფონებისათვის საბანკო აპლიკაციების შექმნა ჰქვია. ოღონდ ძალიან გთხოვთ, გაითვალიწინეთ საქართველოს ბანკის გამოცდილება და შემოგვთავაზეთ ხარისხიანი პროდუქტი, რითაც ჩვენც გაგვახარებთ და კლიენტურასაც შეინარჩუნებთ.