ეპლის პროდუქტები უფრო და უფრო იკიდებს ფეხს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, რომელსაც შედარებით მაღალი ფასების და “სტივ ჯობსის მიერ პატიოსანი მომხმარებლის ჯიბეში ხელის ფათურის” უსაფუძვლო ბრალდების გარდა, ასევე თან სდევს რამოდენიმე მითი, რომელსაც ნაკლები მნიშვნელობა აქვს მომხმარებლისთვის, მაგრამ ყოველთვის იყო კომპიუტერული და ტექნოლოგიური სამყაროს ისტორიასთან მეტ-ნაკლებად ახლო მდგომი ადამიანების დისკუსიის საგანი. ქვემოთ შემოგთავაზებთ ყველაზე გავრცელებულ მითებს და მათ უკან მდგომ რეალურ ისტორიებს.
მითი პირველი – ეპლმა ზიროქსის (Xerox) გრაფიკული ინტერფესი მოიპარა და გააკეთა მაკინტოში
სინამდვილეში კი ზიროქსს ეპლთან ჰქონდა საკმაოდ მჭიდრო, ინვესტორული ურთიერთობები. კერძოდ, ზიროქსს ინვესტიცია ჰქონდა გაკეთებული ეპლში, რომლის საფუძველზეც ხშირად ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა. როდესაც ზიროქსის PARC (Palo Alto Research Center)-ში SmallTalk -ზე დაფუძნებული პირველი გრაფიკული ინტერფეისი შეიმუშავეს მაუსთან ერთად, კომპანიის მენეჯმენტმა იგი უსარგებლოდ და სათამაშოდ ჩათვალა და თაროზე შემოდების ნაცვლად ეპლს, როგორც პარტნიორს ინოვაციების საკითხში, გაუცვალეს 1 მილიონი დოლარის ღირებულების ეპლის აქციებში, რომელიც რამოდენიმე კვირაში უნდა გამოსულიყო და რომლიც კურსს და ღირებულებას უოლ სტრიტი საკმაოდ პერსპექტიულად აფასებდა. 1979 წლიდან სტივ ჯობსის და ეპლის მთავარი პროგრამისტის ბილ ატკინსონის ვიზიტს PARC-ში მოჰყვა ეპლის სხვა ინჟინრების ხშირი სტუმრობებიც, რის საფუძველზეც ეპლმა დაიწყო ლისას და მაკინტოშის საოპერაციო სისტემების შემუშავება, რომელიც ძირეულად განსხვავდებოდა Smalltalk-გან როგორც კოდით, ასევე ვიზუალურადაც.
მითი მეორე – ზიროქსმა გრაფიკული ინტერფეისის იდეა მაიკროსოფტსაც მისცა, რაზეც მათ Windows შექმნეს
პირველი მითის ისტორიაში ზემოთ ნახავდით, რომ ზიროქსს და ეპლს შორის მოხდა ჩვეულებრივი, საქმიანი გარიგება, რომელიც თავის დროზე ზიროქსის ეპლში ვენჩურული კაპიტალის მენეჯმენტმა მოაწყო და რომელიც დახურული იყო ტექნოლოგიური სამყაროსათვის, მათ შორის მაიკროსოფტისთვისაც, რომელიც იმ პერიოდში MS DOS-ის წერით იყო დაკავებული. ზიროქსმა აქციების სანაცვლოდ ეპლს მისცა Smalltalk-ის და მაუსის პროტოტიპებთან მუშაობის ექსკლუზიური უფლება.
მითი მესამე – მაიკროსოფტს არ მოუპარავს ვინდოუსის იდეა ეპლისგან, ის თვითონ შექმნეს.
მაიკროსოფტი იმ პერიოდში წარმოადგენდა ეპლის ერთ-ერთ მთავარ პარტნიორს პროგრამული უზრუნველყოფის საკითხში და ეპლისთვის ქმნიდა ბიზნეს აპლიკაციებს. მოგვიანებით, როცა ეპლმა ჯერ ჯეფ რასკინის და შემდეგ სტივ ჯობსის მეთაურობით გრაფიკულ საოპერაციო სისტემაზე დაიწყეს მუშაობა, მათ მაკინტოშის პროტოტიპები მისცეს მაიკროსოფტს, რათა ბილ გეიტსის გუნდს პარალელურად მუშაობა დაეწყო თავისი პროგრამების მაკინტოშზე ადაპტირებისთვის. მათ შორის იყო შეთანხმება, რომ მაიკროსოფტი არ დაწერდა 1983 წლამდე სხვა კომპანიისთვის პროგრამას, რომელიც მაუსს გამოიყენებდა. ეს იყო თარიღი, როცა მაკინტოშის ანონსი იგეგმებოდა და რომელიც 1 წლით გადაიდო. როგორც ჩანს, მაიკროსოფტს დაწყებული ჰქონდა საკუთარი, გრაფიკულ ინტერფეისზე დამყარებული საოპერაციო სისტემაზე მუშაობა, რომელიც მაუსს იყენებდა და რომელიც საოპერაციო ლოგიკით, ინტერფეისის მანიპულაციებით და სხვა ელემენტებით ძალიან ჰგავდა ეპლის მაკინტოშს. 1985 წელს, როცა ჯობსი უკვე აღარ იყო ეპლში და მაიკროსოფტს უკვე წარმოდგენილი ჰქონდა თავისი Windows 1.0, ჯონ სკალიმ, ეპლის CEO-მ, მაიკროსოფტის შანტაჟის საფუძველზე, რომ იგი შეწყვეტდა ეპლისთვის პროგრამების წერა, თუ კი ისინი არ მისცემდნენ მაიკროსოფტს ლიცენზიას მაკინტოშის ზოგიერთი დეტალის გამოყენებისა ვინდოუსის მომავალ ვერსიებში, მისცა ამის უფლება, რაც თავის მხრივ გამოწვეული იყო იმითი, რომ Windows 1.0 სრულიად უსარგებლო აღმოჩნდა სამუშაოდ და მის დასახვეწად ბილ გეიტსს სჭირდებოდა მაკინტოშის იმ დროისთვის ძალიან ადვილი ფუნქციონალური ელემენტების კონცეფცია. ამ სალიცენზიო შეთანხმების დარღვევა გახდა მომავალში ეპლი-მაიკროსოფტის გახმაურებული სასამართლო დავის საგანი, რომელსაც ცალკე სარჩელად დაემატა მაიკროსფტის მიერ ეპლის Quicktime-ის კოდის უკანონო კოპირება საკუთარ Video for Windows-ში
მითი მეოთხე – მაიკროსფტმა ეპლი გადაარჩინა 1997 წელს.
ეს არის ვინდოუსის ევანგელისტების ყველაზე საყვარელი მითი, რომელსაც ყოველი კამათის დროს ხმარობენ. რეალობა კი სულ სხვანაირი იყო: 1996 წელს, როცა სტივ ჯობსი დაბრუნდა ეპლში, მან გამოაცხადა ახალი კომპანიის ახალი კურსი, რომელიც მიზნად ისახავდა მაიკროსოფტთან პარტნიორობას და მაკისთვის ოფისის და ინტერნეტ ბრაუზერის შემუშავებას. მაგრამ რაც ბევრმა არ იცის, ამ შეთანხმებას წინ უძღოდა მრავალწლიანი სასამართლო დავების დასრულება, რომელთა შორის ერთ-ერთი იყო ზუსტად Quicktime-ის კოდის მოპარვის მცდელობა მაიკროსოფტის მხრიდან და რომელიც მაიკროსოფტს მრავალმილიონიან ჯარიმებს უქადდა. 1997 წელს მხარეებმა გააუქმეს ერთმანეთის წინააღმდეგ პრეტენზიები და მაიკროსფტი დათანხმდა ეპლისთვის ოფისის პაკეტის და ბრაუზერის გამოშვებას. გარდა ამისა, მან 150 მილიონი დოლარის სახით ეპლის აქციებში ჩადი ფული. აი ეს თანხა სახელდება ხშირად ეპლის გადარჩების მიზეზად. თუმცა, შეეძლო 150 მილიონ დოლარს გადაერჩინა ეპლი, რომელმაც წინა წელს 2 მილიარდი დოლარის ზარალი ნახა, ხოლო სტივ ჯობსის NeXT-ის საყიდლად იმავე წელს 400 მილიონი დოლარი გადაიხადა? რაღა თქმა უნდა რომ არა. ეს იყო მარკეტინგული თამაში, რომელიც სტივ ჯობსმა საკმაოდ ოსტატურად ჩაატარა და რომელიც ეპლის მიმართ ინვესტორების ნდობის აღდგენას ისახავდა მიზნად.
თუ კი გსმენიათ და იცით მითი, ან მიგაჩნიათ რომ საინტერესო დანამატი შეიძლება იყოს სტატიისათვის, გამოგვეხმაურეთ კომენტარებში.